ისტორია
ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. II საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ელინისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.